English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ მარინა ჩავლეიშვილი
ქართული თხილის ბაზარი: შეფასება, პერსპექტივები

სტატიაში განხილულია საქართველოში თხილის წარმოების შესაძლებლობები, ქართული თხილის ბაზრის განვითარების ტენდენციები, შეფასებულია თხილის მსოფლიო ბაზარი, არსებული მდგომარეობა და მასში საქართველოს ადგილი, გაანალიზებულია თხილის საექსპორტო პოტენციალი, სამომავლო პერსპექტივები საერთაშორისო ბაზარზე.

საქართველოში თხილის წარმოებისა და ექსპორტის დინამიკის, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების, კერძოდ,  ევროკავშირის, აზიისა და დსთ-ს ქვეყნებში თხილის ბაზრის საექსპორტო დინამიკის ანალიზის, მეთხილეობის დარგში არსებული მდგომარობის შესწავლის საფუძველზე მოცემულია ბაზრის შეფასება, დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზი.

ქართული თხილის საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად გამოვლენილია მისი პოტენციური უპირატესობები, სუსტი მხარეები და არსებული პრობლემები. ჩატარებული  კვლევა დაეხმარება აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ პირებს, რათა სრულყოფილად გააანალიზონ საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პერსპექტიული დარგის - მეთხილეობის  განვითარების შესაძლებლობები. თხილის ბაზრის განვითარების ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები.

საკვანძო სიტყვები: თხილის  ბაზარი,ექსპორტი,  იმპორტი, ღირებულებათა ჯაჭვი, წარმოების პოტენციალი.

საქართველოში თხილის კულტურის წარმოების პოტენციალი და მისი ადგილი მსოფლიო ბაზარზე

საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეროვნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება, რაც საექსპორტო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობას იძლევა, მათ შორისაა  ქართული თხილი.

თხილს კაკლოვან კულტურებს შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია. მეთხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი ტრადიციების მქონე სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, თხილის კულტურის გავრცელება ჩვენწელთაღრიცხვამდე, VI საუკუნეში დაიწყო შავი ზღვის სანაპიროებსა და კავკასიაში [1]. საქართველოს მოსახლეობისთვის თხილს განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა და  დღესაც, შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.  1917 წლამდე ქვეყნიდან  ევროპის ბაზრებზე დიდი რაოდენობით თხილი გადიოდა. ევროპული ბაზრების ჩაკეტვამ ექსპორტი, შესაბამისად, თხილის ფართობი და წარმოება შეამცირა. XX საუკუნის 90-იან წლებში მდგომარეობა შეიცვალა და ქართულ თხილზე გაჩნდა მზარდი მოთხოვნა, რომლის შესაბამისად საქართველოში დაიწყო თხილის პლანტაციების გაშენება.

სასარგებლო საკვების, სამკურნალო თვისებებისა და ეკონომიკური მნიშვნელობის გამო, თხილის კულტურა განსაკუთრებულია და მსოფლიო ბაზრის ყურადღების ცენტრშია. ეს, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებულია მისი ნაყოფის მრავალმხრივი გამოყენებით. თხილის ნაყოფი და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები ფართოდაა ცნობილი. მის კვებით ღირებულებას განსაზღვრავს ნედლეულში ცხიმის, ცილის და ბიოაქტიურ ნივთიერებათა შემცველობა. ჩამოთვლილი ღირებულებები იცვლება მცენარის ჯიშის, ადგილმდებარეობის, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გავლენით. თხილი მეტად მნიშვნელოვანი გახდა სამრეწველო და სხვა ტიპის წარმოებისთვის [2]. თხილის გადამუშავება საინტერესოა უნარჩენო წარმოების თვალსაზრისით. პრაქტიკულად, ყველა ტიპის პროდუქტი, რომელიც თხილის გადამუშავების შედეგად მიიღება, რეალიზაციას ექვემდებარება.

საქართველოში არსებული მიკროზონების, ნიადაგურ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნება თხილის გავრცელების არეალს ზრდის. თხილის სამრეწველო პლანტაციები ფართოდაა წარმოდგენილი შავი ზღვის სანაპიროს ტენიან, თბილ რაიონებში (გურია, სამეგრელო, აჭარა) [3, გვ.20]. მაღალი ყინვაგამძლეობის გამო, თხილი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიცაა გავრცელებული, თუმცა, თხილის მოსავლიანობითა და ნაყოფის ხარისხი უფრო პერსპექტიულია დასავლეთ საქართველოს ტენიანი სუბტროპიკები. საქართველოს ენდემური ჯიშების სიმრავლით საერთაშორისო ბაზრებზე მაღალხარისხიანი პროდუქტის მიწოდება შეუძლია. აქ ბუნებრივად ხარობს თხილის 6 სახეობა: ჩვეულებრივი თხილი, დათვის თხილი, პონტოს თხილი, იმერული თხილი, კოლხური თხილი, კახური თხილი. სულ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულია დაახლოებით 27 ჯიშის თხილი.  დახასიათებული ჯიშების ნაყოფმწარმოებლობა იწყება დარგვიდან 3 წლის შემდეგ. ადგილობრივ ჯიშებს შორის უმთავრესია: [4]. ,,ანაკლიური“, ,,ბერძნულა“, ,,გულშიშველა“, ,,შველისყურა“, ,,დედოფლის თითი“, ,,ცხენის ძუძუ“, ,,ხაჭაპურა“, ,,ნემსა“. ადგილობრივი ჯიშები გამოირჩევა მაღალი მოსავლით (ერთ ძირზე საშუალო მოსავალი 5-10 კგ.-ია, ასევე, ის განსაკუთრებულია რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრებით: პროდუქტიულობა - საშუალოდ 48-55%, ცხიმის შემცველობა  67-70%-ია). აღნიშნული მაჩვენებლებით მსოფლიო ბაზარზე გამორჩეულია ქართული თხილი, რითაც ინარჩუნებს კონკურენტულ უპირატესობას, რასა ც განაპირობებს  მაღალი ხარისხის ნედლეულის მიღების შესაძლებლობა, ხელსაყრელი ფასისა და ხარისხის თანაფარდობა. თხილი არ მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებას, გამძლეა ბუნებრივი პირობების მიმართ, ნაკლებ შრომატევადია [3,გვ.21],   აქვს ხანგრძლივი  ექსპლოატაციის პერიოდი 25-40 წელი და უხვ მოსავალს 20-25 წლის განმავლობაში იძლევა.  თხილის მოსავლიანობა საშუალოდ არის 2-4 ტონა/ჰა-ზე. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართული თხილის კალორიულობა 7-8-%-ით მაღალია [5, გვ.4].  თხილის ნაყოფი ხანგრძლივი შენახვისუნარიანობითა და ტრანსპორტაბელურობით ხასიათდება.  კულტურა  მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, კერძოდ, ის  მოსახლეობისთვის  შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.

2017 წლის მონაცემებით, თხილის კულტურის ფართობი საქართველოში არის 12.054 ათასი ჰა, მათ შორის, რეგიონებზე მოდის: სამეგრელო-ზემო სვანეთი - 62.1%, გურია - 20.3%, იმერეთი - 9.3%. სულ სამივე რეგიონზე მოდის - 91.7%. თხილის ფართობი შედარებით მცირეა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში  (იხ. ცხრილი 1) [6]. 

თხილის ფართობი საქართველოში (2017  წელი)

ცხრილი 1

რეგიონები

ათასი ჰა

%

სულ საქართველო

12.054

100

სამეგრელო-ზემო სვანეთი

7.485

62.1

გურია

2.446

20.3

იმერეთი

1.121

9.3

აჭარა

0.542

4.5

კახეთი

0.361

3

სხვა

0.099

0.8

 გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2017 წლის მონაცემებით, საქართველო თხილნარის ფართობის მიხედვით, მსოფლიოს ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს შორის, თურქეთის, იტალიის, აზერბაიჯანის, ირანის, აშშ-ის, ჩილეს, ჩინეთისა და ესპანეთის შემდეგ, მეცხრე ადგილზეა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში თხილის ფართობით, 2005 წლის მონაცემებით, მეშვიდე,  ხოლო 2010 წლის მონაცემებით მეხუთე ადგილზე იყო (იხ. ცხრილი 2) [7]. 

თხილის მთლიანი ფართობი მსოფლიოსა და ცალკეულ ქვეყნებში

ცხრილი 2

ქვეყნები

2005   წელი

2010     წელი

2017 წელი

ჰა

%

ჰა

%

ჰა

%

სულ თხილის ფართობი მსოფლიოში (ჰექტარი)

544.898

100

618.023

100

671.421

100

თურქეთი

389.696

71.51

432.439

69.97

439.097

65.38

იტალია

55. 904

10.25 

67.743

10.96

79.951

11.90

აზერბაიჯანი

18. 228

3.34

22.691

3.67

35.782

5.32

ირანი

15.108

2.77

19.133

3.09

17.589

2.61

აშშ

11.453

2.10

11.453

1.85

14.973

2.23

ჩილე

2. 302

0.42

4.199

0.67

13.693

2.03

ჩინეთი

8.108

1.48

10.645

1.72

13.225

1.97

ესპანეთი

20.343

3.71

13.803

2.23

12.806

1.90

საქართველო

9000

1.65

15.739

2.54

12.054

1.80

სხვა დანარჩენი

14.756

2.77

20.178

3.30

 32.245

4.86

 2017 წელს 2010  წელთან მიმართებით, თხილის ფართობი საქართველოში 23.41%-ითაა შემცირებული (15.739 ათასი-დან 12.054 ათას ჰა-მდე). 2010–2017 წლებში მსოფლიოში თხილის ფართობების გაზრდით დაწინაურდა ჩინეთი, ჩილე, აშშ და ესპანეთი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქვეყნების ნაწილში, მაგალითად, ჩილეში მკვეთრად არის თხილის ფართობი გაზრდილი (2005-2017 წლებში - 83.1%-ით). ამასთან, შეინიშნება საპირისპირო ტენდენციებიც,  მაგალითად, 2017 წელს, 2015 წელთან შედარებით,  ესპანეთში ფართობები  37%-ით, ხოლო საქართველოში 36.8%-ით არის შემცირებული (იხ. ცხრილი 2) [7]. 

საქართველოში, 2005 წლიდან 2015 წლამდე, თხილის ფართობი  სწრაფი ტემპებით იზრდებოდა, მაგრამ, ბოლო სამი წლის განმავლობაში გარკვეული ობიექტური ფაქტორების გავლენით,  მისი ფართობი (იხ. დიაგრამი 1) და შესაბამისად, თხილის წარმოებაც შემცირდა   (იხ. დიაგრამა 2 ) [7]. 

 თხილის ფართობის დინამიკა საქართველოში (ათასი ჰა)

დიაგრამა 1

თხილის წარმოება საქართველოში 206-2017 წლებში (ათასი ტონა)

დიაგრამა 2

თხილის წარმოების მხრივ, საქართველოში წამყვანი რეგიონებია სამეგრელო და გურია. რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში აღნიშნულ კულტურას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ქვეყანაში თხილის წარმოების შემცირება, ბუნებრივია, აისახა რეგიონებზეც. კერძოდ, 2017 წელს სამეგრელოს რეგიონზე ქვეყანაში წარმოებული თხილის 34.1% მოდიოდა (2016 წელს იყო 52%), ხოლო მეორე ადგილზეა გურია - 29.9% (2016 წელს იყო 24%). გურიის რეგიონისგან განსხვავებით, სამეგრელოს რეგიონში თხილის მოსავლის მკვეთრი კლება შეინიშნება (იხ. ცხრილი  3)   [8]. 

თხილის წარმოება საქართველოში რეგიონების მიხედვით (2016-2017 წწ. ათასი ტონა)

ცხრილი 3

რეგიონები

2014

2015

2016

2017

საქართველო

33.8

35.3

29.5

21.4

აჭარა

0

0

1.5

2.4

გურია

6.2

6.2

7.2

6.4

იმერეთი

3.2

4.2

3.4

2.8

კახეთი

0

0

1.2

2.0

მცხეთა-მთიანეთი

0

0

0.1

0.1

სამეგრელო-ზემო სვანეთი

20.7

18.8

15.3

7.3

ქვემო ქართლი

0

0

0.5

0.3

შიდა ქართლი

0

0

0.1

0.1

დანარჩენი რეგიონები

3.6

6.1

0.0

0.1

მთლიანობაში, 2017 წელს ქვეყნის მასშტაბით წარმოებული თხილის 64% სამეგრელო-ზემო სვანეთისა (34.1%) და გურიის რეგიონებზე (29.9%) მოდოდა.

ყოველივე აღნიშნულთან ერთად, ინტერესს იწვევს  ქართული თხილის წარმოების შესაძლებლობების შეფასება მსოფლიო ბაზრისთვის. მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილის მიწოდების მონაცემები ცვალებადია: 2014 წელს თხილის მსოფლიო ბაზრის 63% თურქეთის თხილს ეჭირა (FAO), მეორე და მესამე ადგილს იტალია (11%) და საქართველო (5%) იკავებდნენ. 2017-2018 წლის საშუალო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში წარმოებული იქნა 490 ათასი ტონა თხილი (გარჩეული), მათ შორის თურქეთზე მოდიოდა 73% (360 ათასი ტონა), მეორე და მესამე ადგილს იტალია (9%) და აზერბაიჯანი (5%) იკავებდა, მეოთხე ადგილზე იყო საქართველო (3%)  (იხ. ცხრილი  4)[9, გვ.26]. 

თხილის მსოფლიო და ცალკეულ ქვეყნებში წარმოების საშუალო მაჩვენებელი (2017-2018 წწ.,2014-2018 წწ.)                                                                                                

ცხრილი 4

ქვეყნები

2017-2014 წწ.

ათასი ტონა

%

2014-2018 წწ. საშუალო მაჩვენებელი

%

სულ მსოფლიოში

490.028

100

438.373

100

თურქეთი

360.000

73

310.000

 71

იტალია

42.300

9

48.010

11

აზერბაიჯანი

25.000

5

18.410

4

საქართველო

15.313

3

18.103

4

ჩილე

11.000

2

7.813

2

აშშ

10.800

2

13.778

3

ესპანეთი

6.300

1

8.628

2

სხვა

19.315

5

13.631

3

 თხილის კულტურის ფართობისა და ნაყოფის წარმოების  შემცირება, განაპირობა გარკვეულმა ობიექტურმა ფაქტორებმა, რომელთა შორის  მთავარია აზიური ფაროსანა, თუმცა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა სოკოვანმა და ბაქტერიულმა დაავადებებმა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბოლო პერიოდში  სერიოზულ აგროტექნიკურ თუ სხვა ადეკვატურ  ღონისძიებებს ახორციელებს, რათა სამომავლოდ შემცირდეს დანაკარგი, ამაღლდეს თხილის მოსავალი და  ხარისხი.

თხილის ექსპორტი და იმპორტი

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, თხილის წარმოებით საქართველო წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე და ის თხილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანათა ხუთეულშია. თხილი ძირითადად ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებში გადის. საქართველო, თურქეთთან ერთად, თხილის მსხვილ ექსპორტიორად ითვლება.  აღსანიშნავია, რომ საექსპორტოა საქართველოში წარმოებული თხილის (გარჩეული გული)  86.2%-ზე მეტი. მოსახლეობის ერთ სულზე თხილის ფაქტობრივი მოხმარების მაჩვენებლით  (კგ. წელიწადში) გამოირჩევა შემდეგი ქვეყნები: იტალია (1.31), აზერბაიჯანი (1.02), შვეიცარია (1.10); თურქეთი (0.75).  მსოფლიოში 2016 წელს ფაქტობრივი  მოხმარების საშუალო მაჩვენებელი იყო 0.06 კგ./წელიწადში [9, გვ.29].

თხილის მსოფლიო ექსპორტი(2016 წ. და 2014-2018 წწ. საშუალო მაჩვენებელი-ათასი ტონა)

ცხრილი 5

ქვეყნები

2016 წელი

 

%

2014-2018 წწ.

საშუალო მაჩვენებელი

%

სულ ექსპორტი მსოფლიოში

209.251

100

381.853

100

თურქეთი

123.771

59

310.000

67

იტალია

24.281

12

18.119

8

აზერბაიჯანი

10.434

5

10.971

5

საქართველო

24.836

12

20.677

9

გერმანია

5.878

3

5.029

2

ნიდერლანდები

3.256

2

3.221

1

სხვა

16.795

7

13.836

8

2016 წლის მონაცემებით (FAO), თხილის (გარჩეული)მსოფლიო ექსპორტი წინა წლების დონეზე დარჩა. 2016 წელს ექსპორტის 59% -ს თურქეთზე  მოდიოდა, ხოლო მისი საშუალო მაჩვენებელი ბოლო 5 წელში 67%-ია; მეორე ადგილზეა საქართველო, შესაბამისად - 12% და  9%  (იხ. ცხრილი 5)[9, გვ.27]. 

საქართველოში თხილი საექსპორტო საქონლის მთლიან წილში განსხვავბული დინამიკით ხასიათდება. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან საქონლის მთლიან ექსპორტში თხილი 8,5%-ს იკავებდა და მან გადააჭარბა ღვინის ექსპორტს (5.8%). მომდევნო წლებში, თხილის საექსპორტო პოტენციალი მკვეთრად დაეცა. კერძოდ, 2017 წელს საექსპორტო საქონლის ათეულში 8,5 %- დან 3 % -მდეა შემცირებული (იხ. დიაგრამა3)[8].

უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული 2017 წელს (%)

დიაგრამა  3

თხილის მთლიანი მოსავალი 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით,  40%-ით არის შემცირებული, რაც თავისთავად, გავლენას ახდენს ექსპორტის მოცულობაზე.  2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 50 მლნ დოლარის თხილი იქნა ექსპორტირებული, მაშინ, როდესაც ის 2016 წლის, ანალოგიურ პერიოდში, 117 მლნ დოლარი იყო. გამომდინარე აქედან, ფერმერებს, რომლებმაც საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადეს თხილის პლანტაციებში, შემოსავლების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

საქართველოდან თხილის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, იტალია, ჩეხეთი, ლიბანი, კანადა, რუსეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, ერაყი, ავსტრია, ხორვატია, ლატვია, სლოვაკეთი. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, გაუარესებულია, როგორც თხილის ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე ექსპორტიორი ქვეყნების რაოდენობა,   კერძოდ, ექსპორტი განხორციელდა, მხოლოდ, შემდეგ ქვეყნებში: იტალია, გერმანია, ერაყი, საბერძნეთი, ესპანეთი, რუსეთი, საფრანგეთი [6].

მსოფლიოში თხილის მსხვილი იმპორტიორი ქვეყნებია გერმანია და იტალია, რომლებიც არიან თხილის ყველაზე დიდი  მომხმარებლები და გადამამუშავებლები. მათზე მსოფლიო თხილის იმპორტის 50%-ზე მეტი მოდის.  თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თხილის გადაზიდვები 50%-ზე მეტი გერმანიისა და იტალიისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო ჩილეში ექსპორტის 92% იტალიამ დაიკავა (იხ. ცხრილი 6) [9, გვ.28].

თხილის იმპორტის დინამიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ათასი ტონა)

ცხრილი  6

ქვეყნები

2006

2010

2013

2014

2015

2016

ზრდა

2006-2016 წწ.

გერმანია

42.127

67.882

66.624

57.151

64.204

61.450

19.323

იტალია

76.623

40.211

59.966

59.646

57.441

44.030

-32.593

საფრანგეთი

23.304

27.894

26.997

20.477

22.733

21.068

-2.236

კანადა

943

7.910

10.123

10.111

12.747

11.376

10.433

შვეიცარია

12.083

9.482

10.037

9.761

8.890

9.448

-2.635

რუსეთი

9.967

11.016

9.187

11.270

7.018

5.541

-4.426

ბელგია

14.918

7.536

7.303

6.736

5.685

4.986

-9.932

ნიდერლანდები

9.478

3.416

3.762

3.742

5.047

3.736

-5.742

პოლონეთი

1.582

6.987

8.842

8.077

11.686

3.704

2.122

ესპანეთი

597

5.184

5.759

4.301

3.193

2.999

2.122

ავსტრალია

1.126

2.333

2.923

2.629

2.593

2.839

713

აშშ

5.228

2.912

4.384

2.634

1.338

2.806

-2.422

ჩეხეთი

1.511

1.754

2.494

1.872

1.753

2.671

1.160

ბრაზილია

1.926

2.321

2.385

3.040

3.044

2.650

724

 UK (გაერთ.სამეფო)

415

2.023

2.150

2.112

2.227

2.392

1.977

ავსტრია

1.093

2.599

2.889

3.467

2.635

2.249

1.156

ეგვიპტე

2.315

3.896

2.773

2.059

1.882

1.832

-483

საბერძნეთი

3.040

2.242

2.049

1.555

1.179

1.315

-1.725

ისრაელი

1.299

1.320

1.182

1.268

996

1.116

-183

შვედეთი

917

1.109

1.308

1.250

1.258

975

58

სხვა

76.649

22.709

10.629

6.265

21.523

20.063

-56.586

სულ მსოფლიოში

288.141

232.736

237.764

219.422

239.074

209.244

-78.897

2016 წლის მონაცემებით მსოფლიოში თხილის იმპორტის მთლიანი მოცულობა 209. 244 ათასი ტონა იყო. აქედან, 4 ქვეყანაზე მოდიოდა იმპორტის 65.86%, კერძოდ, გერმანია - 29.36% (61.459 ათასი ტონა); იტალია - 21.04% (44.130 ათასი ტონა); საფრანგეთი - 10.06% (21.068 ათასი ტონა); კანადა - 5.4% (11.376 ათასი ტონა). მსოფლიოში თხილის იმპოტრის ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით, განსხვავებულია. კერძოდ, მთლიანობაში თხილის მსოფლიო იმპორტი ბოლო 10 წელში შემცირებულია 78.897 ათასი ტონით. აღნიშნული მაჩენებელი ქვეყნების მიხედვით შემდეგია: იმპორტი შემცირდა-იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, რუსეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, აშშ-ში, ეგვიპტეში, ისრაელში; იმპორტი გაიზარდა-კანადაში, პოლონეთში, ესპანეთში, ავსტრალიაში, საბერძნეთში, ბრაზილიაში, ავსტრიაში, შვედეთში.

თხილის ბაზარზე იტალია და ესპანეთი არის ნეტო იმპორტიორი ქვეყნები, რაც განპირობებულია ამ ქვეყანებში თხილის გადამამუშავებელი დარგების განვითარებით. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით ეს ბაზრები  მიმზიდველია თხილის ნებისმიერი მწარმოებლისა და ნედლეულის სახით ექსპორტიორი ქვეყნებისათვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც. აღნიშნული ქვეყნებისთვის 82%–იანი წილით მთავარი საიმპორტო პარტნიორია თურქეთი, ხოლო 50%–იანი წილით მთავარი საექსპორტო პარტნიორია  გერმანია.

თხილის მოხმარების თვალსაზრისით მსოფლიოში ლიდერია ევროკავშირი, რაც ძირითადად გერმანიის (21,5%) და იტალიისა (20,2%)  მოხმარების ტენდენციებზეა დამოკიდებული. აგრეთვე, ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ბელგია, შვეიცარია, რუსეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, აშშ, ესპანეთი, ავსტრია,  ჰონგ–კონგი. მათი უმეტესობა ნედლი თხილის იმპორტს გადამუშავებისა და სხვადასხვა პროდუქტის დასამზადებლად იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არ ფიგურირებს ლიდერ იმპორტიორ ქვეყნებში, მისი მოხმარება მაინც მაღალია ევროკავშირის ქვეყნების შემდეგ, ამავე დროს, თურქეთი არის უდიდესი მწარმოებელიც.  

ქართული თხილის ექსპორტი 2008 წლიდან დაიწყო  ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ირანში, ერაყში, სირიაში, საუდის არაბეთში,  ყაზახეთში, ტაჯიკეთში,  ჩინეთსა და ჰონგკონგში. ეს უკანასკნელი ახდენს რეექსპორტს და შეაქვს თხილი ჩინეთის ბაზარზე. ქართული თხილით დაინტერესებული არიან ასევე აშშ-ის და იაპონიის კომპანიები.  საინტერესოა, ასევე, უკრაინის ბაზარი, სადაც ბოლო 6 წლის განმავლობაში თხილის მოხმარება თითქმის  2,5-ჯერ არის გაზრდილი. ამდენად, თხილის ექსპორტის მიმართულებით საქართველოს ბაზრის გაფართოების დიდი პოტენციალი გააჩნია.

საქართველოს თხილის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები

საქართველოში თხილის წარმოება მთლიანად ორიენტირებულია უცხოურ ბაზრებსა და იქ მიმდინარე ტენდენციებზე. შიდა მოხმარებისათვის საკუთარი წარმოების მხოლოდ 10%–მდე გამოიყენება და საექსპორტოა წარმოებული თხილის დაახლოებით 90%. საქართველოში თხილის ბაზრის სტრუქტურა სამი მიმართულებით ვითარდება [10, გვ.126],კერძოდ, წამყვანი პოზიციები უკავიათ სადისტრიბუციო კომპანიებს, მომდევნო ადგილზეა თხილის გადამამუშავებელ ქარხნები და ფერმერები.  ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიცვალა ფერმის მასშტაბები, გაიზარდა შედარებით მსხვილი ფერმების რაოდენობა, მაგრამ წვრილი ფერმერები თხილის დისტრიბუტორების ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მაგალითად, ჩვენ მიერ გურიის რეგიონში ჩატარებული გამოკითხული ფერმერების (200 ფერმერი) 50%-მა ბოლო 10 წლის განმავლობაში გაზარდა წარმოების მასშტაბები (ფართობები) და მათ მფლობელობაში არის 5-დან 10 ჰა-მდე თხილის პლანტაციები. რეგიონებში მსგავსი პროცესების მიმდინარეობის ფონზე შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ 2008 წელს თხილნარის მთლიანი ფართობის 95%-ს ფლობდნენ წვრილი ფერმერები, ხოლო მსხვილმასშტაბიან ფერმერებს 7%-იანი წილი ეკავათ [10, გვ.126-127],დღეისათვის, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მსხვილმაშტაბიანი ფერმერების ხვედრითი წონა 10%-ს აჭარბებს.

მნიშვნელოვანია თხილის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი, რომელშიც გამოკვეთილია ქართული თხილის მომხმარებელთა დამოკიდებულება. აღნიშნულ სქემაში დაახლოებით 70%-მდე  ევროპელ, 30%-მდე - აზიელ და 1%-მდე - სხვა მომხმარებლებზე მოდის. აღნიშნული მომხმარებლების მიერ თხილი შესაბამისი რეგიონების გადამამუშავებლებს, შემდეგ საცალო მოვაჭრეებს და ბოლოს,  მომხმარებლებლებს მიეწოდება. მაგალითად, ევროპელი და თურქეთის დისტრიბუტორები (70%-იანი წილით) ქართული ექსპორტის დაახლოებით ევროპელ გადამამუშავებლებს, შემდეგ, საცალო მოვაჭრეებს და ბოლოს, მომხმარებელს აწვდიან. დარჩენილი დისტრიბუტორების მიერ შესყიდული თხილი (1%–ზე ნაკლები წილით)  სხვადასხვა ქვეყნის გადამამუშავებელ საწარმოებსა  და  მომხმარებლებს მიეწოდება.

საოჯახო  და წვრილი ფერმერული მეურნეობების დაქსაქსულობის გამო, თხილის ,,სეზონზე“ უამრავი მცირე წვრილი სადისტრიბუციო ფირმა (გადამყიდველები) წარმოიქმნება. შესაძლებელია გამოვყოთ რეგიონული შემგროვებლები; ადგილობრივი დისტრიბუტორები. თხილის ბაზარზე წარმოდგენილია თხილის გადამამუშავებელი და ექსპორტიორი ფირმები.    ამ ფირმათა დაყოფა პირობითად სამ ჯგუფადაა შესაძლებელი, ესენია: ა) მხოლოდ ექსპორტიორი ფირმები, ბ) მცირე გადამამუშავებელი საწარმოები და   გ) მსხვილი გადამამუშავებელი და საექსპორტო კომპანიები [11, გვ.22].

თხილის მსოფლიო ბაზარზე თურქეთი, როგორც თხილის მთავარი მწარმოებელი, თავისუფლად აკონტროლებს თხილის ფასს და თხილის ბაზარსაც. ბუნებრივია, ქართული თხილის ფასზე თურქეთი ახდენს გავლენას. თუმცა, არსებობს  ფასებს შორის განსხვავება, ქართული თხილი უფრო იაფია, ვიდრე თურქული, რაც აიხსნება ქართულ და თურქულ თხილს შორის გამოსავლიანობაში არსებული განსხვავებით.  კერძოდ, 1კგ. გაუტეხავი ქართული თხილიდან გამოდის 0.4 კგ. გული, ხოლო თურქული თხილის გამოსავლიანობა 0.5 კგ.-ია. პრობლემაა ქართული თხილის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, არასტაბილური მიწოდება და ნაკლები ცნობადობა [12]. 

როგორც გამოკვლევამ გვიჩვენა, თხილის გადამამუშავებელ კომპანიათა უმეტესობა არ ფლობს საკუთარ პლანტაციებს. ისინი ძირითადად სამეგრელოს რეგიონში არიან კონცენტრირებულნი, საკუთარი სიმძლავრეების 80%–ს იყენებენ და უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან რაოდენობას.

ქართული თხილის წარმოება საგრძნობლად განვითარდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, თუმცა, არსებული რესურსები სრულად ათვისებული არ  არის.  დარგის განვითარებას გააჩნია გარკვეული პრობლემები, მავნებლებისა და მცენარეთა დაავადებებისაგან დაუცველობა, რაც საფრთხეს უქმნის წარმოების მოცულობას, ხარისხს და, შედეგად, საქართველოს სურსათის ექსპორტის სანდოობას.  ეს მაშინ, როცა  საქართველოს რეგიონებში შესაძლებელია წარმოებული იყოს მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი ნედლეულის წარმოება. სხვა კულტურებთან შედარებით 1 ჰა-ზე თხილის გაშენებას და მოვლას ნაკლები დანახარჯები ჭირდება, რაც დღეისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ქართველი ფერმერისათვის.

მიუხედავად გარკვეული დადებითი ტენდენციებისა, ბოლო პერიოდში თხილის წარმოების ხარისხი გაუარესდა. ასევე ბაზარზე შეინიშნება თხილის ფასის  მკვეთრი მერყეობა (ვარდნა). ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერებთან ინტერვიუების დროს გამოიკვეთა აღნიშნული პრობლემის ორი მიზეზი: თხილის ბიზნესის მართვის სადავეების გარკვეული ჯგუფის მიერ მონოპოლიზება და „ევროპაში ქართული თხილის „სახელის გატეხვა“. ასევე, მნიშვნელოვანია დახვეწილი დომინანტი ჯიშების მოვლა-მოყვანის პირველადი გადა­მუშავებისა (შრობა) და შენახვის ტექნოლოგიების სიმცირე და ჯიშური სტანდარტული ნერგის ხელმისაწვდომობა. ქვეყანას, ამ სფეროში, შესაძლოა ჰქონოდა კონკურენტული უპირატესობა, მაგრამ სანერგე სექტორის არასაიმედოობის გამო, ის სრულად არაა ათვისებული [13].  საქართველოს შედარებითი უპირატესობა ყველა პროდუქტისთვის არ არის თანაბარი. ქვეყნის მიწის ფართობი შეზღუდულია, სასოფლო-სამეურნეო მიწა დაყოფილია მიწის შედარებით მცირე ნაკვეთებად. საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების 75% 1 ჰა-ზე ნაკლები ზომისაა [14, გვ.4]. ყოველივე ეს არ იძლევა საშუალებას  გაიზარდოს მეურნეობათა მასშტაბები და ბაზარზე კონკურენცია გაეწიოს წამყვან ქვეყნებს, რომლებსაც მსხვილი, მსგავსი პირობების მქონე მიწის ნაკვეთები აქვთ. 

დასკვნები და წინადადებები

საქართველოს აგროსექტორში თხილის წარმოება ერთ-ერთი პერსპექტიული დარგია, შესაბამისად, საქართველოსათვის აქტუალურია ქართული თხილის განვითარების ტენდენციების კვლევა, განვითარების პრიორიტეტების დასახვა და დარგში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები: 

  • საქართველოში აგრარული პროდუქტების წარმოებაში, განსაკუთრებული უპირატესობა იკვეთება თხილის წარმოებაში, იგი კონკურენტუნარიანია, მისი განვითარებისათვის ქვეყანაში ხელსაყრელი ბუნებრივი და ეკონომიკური შესაძლებლობებია;
    • თხილის წარმობის დარგში, საქართველო უკვე ფლობს გარკვეულ ნიშას საერთაშორისო ბაზარზე, შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს და ხელს უწყობდეს ამ უპირატესობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, ასევე,  სხვა პოტენციური უპირატესობის მიღწევას;
    • თხილის მსოფლიო ბაზარი ზრდადია. ამ ბაზარზე, წარმოების გაფართოებით საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდის პერსპექტივები მაღალია; საექსპორტო მოცულობის გაზრდით მას აქვს ევროკავშირის, დსთ-სა და აზიის ბაზრებზე დამკვიდრების ფართო შესაძლებლობა;
    • საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ახალი ბაზრების ათვისებისათვის საჭიროა წარმოების როგორც პროდუქტიულობის, ასევე წარმოების მასშტაბის გაფართოება. თხილის ნარგავი ფართობების ზრდა შესაძლებელია დაუმუშავბელი ფართობების, განსაკუთრებით კი ჩაის ამორტიზებული მიწების ათვისებით. ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი ინვესტიციების განხორციელება და მთავრობის მხარდაჭერა;
    • პრობლემაა ქართული თხილის ხარისხი და სტანდარტები, რაც დღემდე მკაცრად არ არის რეგულირებული;
    • თხილის ფასის რყევის დაძლევისთვის საჭიროა თხილი ბაზარს სტანდარტიზებულად მიეწოდოს, პროდუქტი უნდა გაკონტროლდეს როგორც უვნებლობის, ასევე, ხარისხობრივი პარამეტრებით;
    • არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია დარგში გავრცელებული მავნლებლებისა და დაავადებების წინააღდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, კერძოდ, სამთავრობო და უცხოელი პარტნიორების მხრიდან ეფექტიანი პროგრამების განხორციელება, რათა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი მოსალოდნელი ზარალი;
    • მნიშვნელოვანია თხილისსაექსპორტოპოტენციალის გაზრდა. ამ ეტაპზე ძირითადია ექსპორტირებული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება, რათა შესაძლებელი გახდეს ახალ,  მოთხოვნად ბაზრებზე შესვლა.

 ლიტერატურა:

  • გოცირიძე ვ. თხილის კულტურა საქართველოში, თბილისი, 1973.
  • http://www.new.ruraltourism.ge
  • ხარაიშვილი ე., ჩავლეიშვილი მ. თხილის ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოში, აგროინფო, #1, თბილისი, 2008.
  • http://gprnuts.ge/text.php?id=216
  • Georgian Scientific-Research Instituti of Horticulture,Viticulture and Wine making of the Georgian Academy of Agricultural Sciences, Recommendation, Tbilisi, 2003.
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მონაცემთა ბაზის  საფუძველზე. http://www.moa.gov.ge/
  • გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). http://www.fao.org/faostat/en/#data/QC
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური  www.geostat.ge
  • NUTS&DRIED FRUITS, INC INTERNATIONAL NUT AND DRIED FRUIT COUNCIL, Statistical Yearbook, 2017-2018, pp.26, 27, 28, 29 https://www.nutfruit.org/files/tech/1524481168_INC_Statistical_Yearbook_2017-2018.pdf
  • ხარაიშვილი ე. კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის პრობლემები საქართველოს აგროსასურსათო სექტორში, თბილისი, 2011.
  • Chavleishvili M., Consumer Market for Georgian Hazelnut and the Strategy to Improve its Competitiveness, International  Conference on Business, Economics and  Management.  International Science Index, Roma, 2015.
  • http://eugeorgia.info/ka/article/34/qartuli-txili-evropashi-kargad-rom-gaiyidos-eqsporti-unda-gaizardos/
  • UNDP_GE_ED_Hazelnut_Production_manual_201604.pdf
  • მაქსიმოვი ა. საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტის პოტენციალის ათვისება, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, თბილისი, 2017 წელი. https://www.get-georgia.de/wp-content/uploads/2017/10/PP_01_2017_ge.pdf